14.02.2013

14.02.2013 VIDEO




ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა


  ხობის  მუნიციპალიტეტის  ჭალადიდის თემში 14 თებერვალს 13.00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
    საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში 200-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს სოფლიდან  გაუსვლელად მიიღებს. სერვისების ჩამონათვალშია ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებს წარმოადგენს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მეშვეობით ხორციელდება. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტერნეტით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს.
    გარდა სახელმწიფო სერვისებით მომსახურებისა საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება შპს  „მაგთიკომის“, სს „ლიბერთი ბანკისა“ და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“  მომსახურება. დაინტერესებული პირი კვალიფიკაციურ კონსულტაციას მიიღებს სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და სხვა საკითხებზე,  ასევე ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით.
    ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს.