14.02.2013

14.02.2013 VIDEO




ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა


  ხობის  მუნიციპალიტეტის  ჭალადიდის თემში 14 თებერვალს 13.00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
    საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში 200-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს სოფლიდან  გაუსვლელად მიიღებს. სერვისების ჩამონათვალშია ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებს წარმოადგენს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მეშვეობით ხორციელდება. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტერნეტით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს.
    გარდა სახელმწიფო სერვისებით მომსახურებისა საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება შპს  „მაგთიკომის“, სს „ლიბერთი ბანკისა“ და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“  მომსახურება. დაინტერესებული პირი კვალიფიკაციურ კონსულტაციას მიიღებს სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და სხვა საკითხებზე,  ასევე ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით.
    ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს.







08.11.2012

უბედური შემთხვევა სოფელ ჭალადიდში


უბედური შემთხვევა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. ფოთი- სენაკი-თბილისის მაგისტრალის ჭალადიდის სარკინიგზო მონაკვეთზე ფოთი- თბილისის ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებზე მომუშავე თანამშრომელს მიხეილ მიქაცაძეს დაეჯახა.
52 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ ძლიერი წვიმის გამო მუშამ ელმავლის ხმა ვერ გაიგო. 
ცხედარი სასამრთლო ექსპერტიზისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. 

http://1tv.ge/news-view/8008

30.09.2012

სტიქიამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში და ფოთში სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. აქ წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. დაიტბორა სიმინდის ყანები, წყალმა წაიღო შინაური ფრინველი. 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაბარებულია ლანჩხუთის სამელიორაციო სამმართველოს ხელმძღვანელობა, რათა ადგილზე გადაწყდეს ჭალადიდში არსებული არხის გაწმენდისა და წყალსაქაჩის გამართულად მუშაობის საკითხი.

18.07.2012

ფოთში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო


უბედური შემთხვევა ფოთში. 20 წლის ახალგაზრდა ზღვაში ბანაობის დროს დაიხრჩო.
იგი წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს გული გაუსკდა.

გარდაცვლილი ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მცხოვრები გიორგი ფარცვანიაა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ზუგდიდის პროზექტურაში.

http://1tv.ge/news-view/28118

19.03.2012

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ჭალადიდის თემში „სოფლის სახლმა“ დაიწყო ფუნქციონირება

19 მარტს პრეზიდენტის რწმუნებულმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გურამ მისაბიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგა ღურწკაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ჭალადიდის თემში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა [MDF] და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. შენობაში სოფლის რწმუნებულთან ერთად, სოფლის დეპუტატი და ადმინისტრაციული სამსახურის სხვა თანამშრომლები განთავსდებიან, რომლებიც სოფლის 3000-მდე მკვიდრს სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევენ. „აღნიშნულ შენობაში მოსახლეობას საშუალება ექნება უშუალოდ შეხვდეს სოფლის რწმუნებულს, მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელსა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს უფრო მეტ კომუნიკაციას ხალხსა და ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება სოფლის შიდა გზების შეკეთებას, წყლის პრობლემებსა და სხვა საკითხებს, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და აუცილებლად შესრულდება, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ ასრულებს“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. გუბერნატორმა „სოფლის სახლის“ გარდა დაათვალიერა ჭალადიდის საბავშვო ბაღი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) „ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამისა“ (დამფინანსებელი-ნორვეგიის მთავრობა) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ასევე, ჭალადიდის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.